X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

"განათლების საერთაშორისო ცენტრი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროგრამაა"

6 დეკემბერი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და ცენტრის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელებსა და მის სტიპენდიანტებს 6 წლიანი წარმატებული  საქმიანობა მიულოცა. 

„განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატების ისტორია პირველ ყოვლისა იზომება იმ სტუდენტებით, რომელთაც ხვდათ პატივი მიეღოთ ცენტრის დაფინანსება. როგორც ვიცი, 850 სტუდენტზე მეტი დაფინანსდა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამებით და აქედან 350-ზე მეტი უკვე მუშაობს და ასწავლის საჯარო თუ კერძო სექტორში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სტუდენტებმა შეძლეს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ კურსდამთავრებულთა ასოციაციის ჩამოყალიბება და ამ ასოციაციის საქმიანობის შედეგებიც უკვე გააცნეს საზოგადოებას. 

„უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული პროგრამაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით და მუშაობს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მოიცავს ასევე საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გარკვული პროფესიული და პრაქტიკული ცოდნებიც შევიძინოთ. ბენებრივია, ყველაფერი, რაც გაკეთდა ცენტრის მიერ 6 წლის განმავლობაში ხმარდება სხვადასხვა დარგის დაფინანსებას. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე გვყავს 100-ზე მეტი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ სფეროში, ძალიან ბევრი მიმართულებით ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება შეეძინათ უმაღლესი დონის უცხოური უნივერსიტეტების ცოდნა, ხოლო ის პირობა, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და აქ გააგრძელონ საქმიანობა, გვაძლევს საშუალებას და იმის გარანტის, რომ ეს ცოდნა იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

2019 წელს ცენტრმა  170  გამარჯვებული გამოავლინა და ჯამურად 6  წლის მანძილზე 850-ზე მეტი სტიპენდია გასცა.  მიმდინარე წელს ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 7 332 391 ლარით დაფინანსდა. 

2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას. 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.